მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება
მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება

ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ვინაიდან მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალისთვის, საერთო ინფრასტრუქტურისთვის, ევროპისა და აზიის ეკონომიკურ დერეფანში სათანადო ადგილის დაკავებისთვის, – ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეკითხვას, აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი ნებისმიერ შემთხვევაში.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება და ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმე გზა არსებობს.

„იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი ვერ აღმოჩნდება წარმატებული ამ პროექტის განხორციელებაში, მაშინ ჩვენ ან უნდა მოვძებნოთ სხვა ინვესტორი, რომელსაც ექნება მეტი ფინანსური რესურსი, მეტი შესაძლებლობა მოიძიოს დაფინანსება ან სახელმწიფოს მოუწევს ნავსადგურის აშენება და პარალელურად კერძო ინვესტორის მოძიება, ვინაიდან მთავრობას არ აქვს სურვილი, ჰქონდეს სახელმწიფო პორტი. გარწმუნებთ, ანაკლიაში პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ ეთერში.