მაჰრეზმა გოლი „ლესტერის“ ტრაგიკულად დაღუპულ მფლობელს მიუძღვნა [ვიდეო]

„ტოტენჰემის“ კარში ჰატანილი გამარჯვების გოლი „მანჩესტერ სითის“ ალჟირელმა ლეგიონერმა რიად მაჰრეზმა „ლესტერის“ ტრაგიკულად დაღუპულ მფლობელ ვიშაი შრივადჰანაპრაბჰას მიუძღვნა.

მაჰრეზი „ლესტერის“ ღირსებას ხუთი სეზონის განმავლობაში იცავდა და „სითიში“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა. ფეხბურთელი ვიშაის აღწერს, როგორც უკიდურესად დადებით პიროვნებას, რომელიც ფეხბურთელებს შვილებივით ეპყრობოდა.

შეგახსენებთ, რომ შრივადჰანაპრაბჰა შაბათს, 27 ოქტომბერს დაიღუპა, როდესაც „ლესტერის“ საშინაო „კინგ პაუერ სთედიუმიდან“ აფრენილი მისი პირადი შვეულმფრენი არენის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე ლესტერის მფლობელის ქალიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც ასევე დაიღუპა.

„ძალიან რთული დღეებია. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გადახარშვა“ – განაცხადა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ მაჰრეზმა. – „ის განსაკუთრებულად მეპყრობოდა. „ლესტერში“ ოთხნახევარი წელი გავატარე და ყოველი დღე ტკბილად მახსენდება. ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო“.