მაგნუს კარლსენი სწრაფ ჭადრაკშიც ჩემპიონია
მაგნუს კარლსენი სწრაფ ჭადრაკშიც ჩემპიონია

მამაკაცებს შორის კლასიკურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ტურნირი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში იმართებოდა.

15 ტურში ნორვეგიელმა 11.5 ქულა დააგროვა. 29 წლის კარლსენი მესამედ გახდა ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში. 10.5 ქულა დააგროვეს მეორე და მესამე ადგილზე გასულებმა – ირანელმა ალირეზა ფირუზიამ და ამერიკელმა ჰიკარუ ნაკამურამ.

მამაკაცთა ტურნირზე სამი ქართველი მონაწილეობდა: 9.5 ქულით 26-ე ადგილი დაიკავა ივან ჩეპარინოვმა, 9-9 ქულით 43-ე და 49-ე ადგილებზე გავიდნენ ბაადურ ჯობავა და გიგა ყუფარაძე.

ქალების ტურნირზე 12 ტური ჩატარდა. ჩემპიონი 9.0 ქულით ინდოელი ჰუმპი კონერუ გახდა. ვერცხლის მედალი მოიპოვა ჩინელმა ტინგიე ლეიმ, ბრინჯაო – თურქმა ეკატერინა ათალიკმა.

ქალებში საქართველოს ხუთი წარმომადგენელი ჰყავდა: მერი არაბიძე (მე-18 ადგილი, 7.5 ქულა), ნინო ძაგნიძე (22-ე ადგილი, 7.5 ქულა), ნინო ბაციაშვილი (23-ე ადგილი, 7.5 ქულა), ნინო ხომერიკი (24-ე ადგილი, 7.5 ქულა), სოფიო გვეტაძე (58-ე ადგილი, 6.0 ქულა).