მადრიდული დერბი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1:1 დასრულდა
მადრიდული დერბი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1:1 დასრულდა

ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში ცენტრალური მატჩი გაიმართა – „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა მადრიდული დერბი და მისი შედეგი ყველაზე მეტად „ბარსელონას“ აწყობდა, რადგან კატალონელთა უპირატესობა გათამაშების ცხრილში 11 ქულამდე გაიზარდა.

„რეალმა“ და „ატლეტიკომ“ მეორე ტაიმის დასაწყისში გოლები გაცვალეს – 53-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გარეტ ბეილის პასის შემდეგ გახსნა ანგარიში, 57-ე წუთზე კი ვიტოლოს პასით ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა და ამის შემდეგ, ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:1.

რონალდუმ ზედიზედ მე-10 ოფიციალურ მატჩში გაიტანა „რეალის“ მაისურით და ეს სერია 20 გოლს მოიცავს. პორტუგალიელისთვის ეს იყო კარიერაში 650-ე გოლი. გრიზმანმა კი ზედიზედ მესამე მატჩში გაუტანა „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“.

„ატლეტიკომ“ ზედიზედ მეხუთედ არ წააგო სტუმრად „რეალთან“, რაც ბოლოს 1974 წელს შეძლო „ბარსელონამ“.

„ატლეტიკო“ 68 ქულით ინარჩუნებს მეორე ადგილს გათამაშების ცხრილში, „რეალს“ 64 ქულა აქვს და მესამეზეა. „ბარსელონას“ 79 ქულა აქვს.