მადრიდის „რეალს“ ამომავალი ვარსკვლავი არდა გიულერი, შესაძლოა, დიდი ხნით გამოაკლდეს #1TVSPORT
მადრიდის „რეალს“ ამომავალი ვარსკვლავი არდა გიულერი, შესაძლოა, დიდი ხნით გამოაკლდეს #1TVSPORT

მადრიდის „რეალს“ ახალწვეული არდა გიულერი, შესაძლოა, დიდი ხნით გამოაკლდეს. 18 წლის თურქმა ტალანტმა „სამეფო კლუბის“ ტურნეს დროს აშშ-ში მუხლის ტრავმა მიიღო და არ არის გამორიცხული, ოპერაციაც დასჭირდეს.

The Athletic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „რეალი“ გიულერის მკურნალობას პლაზმური თერაპიით დაიწყებს, ხოლო თუ ამას შესაბამისი შედეგი არ ექნება, შემდეგ მუხლის ოპერაციაზე იფიქრებენ. ჯერ უცნობია, როდის მოახერხებს თურქი შემტევი მოედანზე დაბრუნებას.

არდა გიულერი თურქული „ფენერბახჩეს“ შემადგენლობაში 2021 წლის აგვისტოში გამოჩნდა და მას შემდეგ ევროპის არაერთი გრანდის ყურადღება მიიქცია. გიულერმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. ის „ფენერბახჩეს“ 2022/23 წლის სეზონში თურქეთის თასის მოგებაშიც დაეხმარა და ფინალური მატჩის MVP-ის ტიტულიც მოიპოვა.

ფეხბურთელის ტრანსფერი ესპანურ გრანდს 20 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა სხვადასხვა ბონუსს მისი ოჯახიც მიიღებს. 2005 წელს დაბადებულმა მოთამაშემ მადრიდის „რეალთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა.