მადრიდის „რეალმა“ უეფა-ს სუპერთასი მეხუთედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ უეფა-ს სუპერთასი მეხუთედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

2022-23 წლების ევროსეზონში პირველი ტიტული გათამაშდა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „რეალმა“ ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე 2:0 დაამარცხა ევროპის ლიგის ტრიუმფატორი „აინტრახტი“.

მადრიდელებმა თითო ტაიმში თითოჯერ გაიტანეს. პირველი ნახევრის ბოლოს დავიდ ალაბამ კუთხურიდან კომბინაციის შემდეგ კაზემიროს პასით გაიტანა, მეორე ტაიმის შუაში ქარიმ ბენზემამ საბოლოოდ დააწყნარა თამაში – ტრადიციულად, მან ვინისიუსის პასი გამოიყენა.

 

ფაქტები

* „რეალს“ ორჯერ მეტი დარტყმა (12-6) და ზუსტი დარტყმა (6-3) ჰქონდა.

* „რეალმა“ მეხუთედ მოიგო უეფა-ს სუპერთასი. მანამდე იყო გამარჯვებები – 2002, 2014, 2016 და 2017 წლებში.

* სუპერთასზე გამარჯვებების რაოდენობით „რეალი“ გაუტოლდა „ბარსელონასა“ და „მილანს“. ისინი ლიდერები არიან ამ მაჩვენებლით. ოთხი სუპერთასი აქვს „ლივერპულს“, სამ-სამი – „აიაქსსა“ და „ატლეტიკოს“.

* „რეალმა“ ჯამში 94-ე ტიტული მოიგო.

* „რეალმა“ მოიგო თავისი ბოლო 19 ფინალიდან 17. ორივე წაგებულ ფინალში მას სძლია „ატლეტიკომ“: ესპანეთის ორმატჩიან სუპერთასზე (2014) და უეფა-ს სუპერთასზე დამატებით დროში (2018).

* კარლო ანჩელოტიმ მეოთხედ მოიგო სუპერთასი – ორჯერ „მილანის“ შემადგენლობაში (2003, 2007) და ორჯერ „რეალთან“ (2014, 2022). 63 წლის იტალიელმა გაუსწრო პეპ გვარდიოლას, რომელსაც სამი გამარჯვება აქვს.

* ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერაში 24-ე ტიტული მოიგო, აქედან რვა „რეალთან“ ერთად.

* ფლორენტინო პერესს 30-ე საჩემპიონო ტიტული აქვს. მასზე წინ სანტიაგო ბერნაბეუა – 33 ტიტული კლუბის პრეზიდენტის რანგში.

* ქარინ ბენზემამ 324-ე გოლი გაიტანა „რეალში“ და კლუბის ისტორიაში მეორე ბომბარდირი გახდა. მან გაუსწრო რაულს და ჩამორჩება კრიშტიანო რონალდოს, რომელსაც 450 გოლი აქვს.

* ბენზემამ 23-ე ტიტული მოიგო „რეალში“ და გაუთანაბრდა ფრანსისკო ხენტოს. „რეალის“ რეკორდსმენს მარსელოს 25 ტიტული აქვს.

* ვინისიუსმა მე-16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა ბენზემაზე, რაც ყველაზე მეტია ფრანგის ყველა პარტნიორს შორის.

* ტიბო კურტუა ზედიზედ მეოთხე ფინალში გოლს არ უშვებს. ამ მატჩებში ბელგიელმა 19 ზუსტი დარტყმა მოიგერია.

 

რეალი-აინტრახტი       2:0

გოლები: 1:0 ალაბა (37), 2:0 ბენზემა (65)

რეალი: კურტუა, დანი კარვახალი (85. რიუდიგერი), ალაბა, ედერ მილიტაო, მენდი, მოდრიჩი (67. როდრიგო), კროოსი (85. ჩუამენი), კაზემირო, ვალვერდე (76. კამავინგა), ბენზემა, ვინისიუსი (85. სებალიოსი).

აინტრახტი: ტრაპი, ტურე (70. ალარიო), ნდიკა, ტუტა, ლენცი, როდე (58. გიოტცე), სოუ, კამადა, ლინდსტრიომი (58. კოლო-მუანი), კნაუფი, ბორე.