მადრიდის „რეალმა“ საკალათბურთო ევროლიგა მოიგო, კაბოვერდელი ტავარესი ოთხთა ფინალის უძვირფასესი მოთამაშე გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

კაუნასში დასრულდა ევროლიგის 2022/23 წლის სეზონის ოთხთა ფინალი. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ დაძაბულ ბრძოლაში 79:78 დაამარცხა.

ფინალური მატჩის განმავლობაში ვერცერთი გუნდი სერიოზული უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა. მეოთხე მეოთხედში „ოლიმპიაკოსმა“ მცირე სხვაობა შექმნა და დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე წინაც გავიდა, თუმცა „რეალის“ ვარსკვლავის, სერხიო ლულის ბოლო წამზე ჩაგდებული ორქულიანით „სამეფო კლუბმა“ თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხა.

შეხვედრის საუკეთესო მექულე ევროლიგის რეგულარული სეზონის მოქმედი MVP-ი, „ოლიმპიაკოსის“ ფორვარდი ალექსანდერ ვეზენკოვი გახდა, რომელმაც 29 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, ესპანური გრანდის კალათბურთელებმა ქულები თანაბრად გადაინაწილეს – 15 ქულა ჩააგდო სერხიო როდრიგესმა, 13 – ტავარესმა, 12 – მარიო ჰეზონიამ. აღსანიშნავია, რომ სერხიო ლულს, გადამწყვეტი ორქულიანის გარდა, კალათში არცერთი ბურთი ჩაუგდია.

ოთხთა ფინალის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) მადრიდელთა კაბოვერდელი ცენტრი ვალტერ ტავარესი დაასახელეს. მან „ბარსელონასთან“ ნახევარფინალშიც შესანიშნავად ითამაშა, 20 ქულა და 15 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. შედეგად, „რეალი“ ევროლიგის გამარჯვებული ისტორიაში მეთერთმეტედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.