მადრიდის „რეალი“ მზად არის, მაიკლ ოლისეს სანაცვლოდ „ბაიერნს“ 160-165 მილიონი ევრო შესთავაზოს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგი თავდამსხმელი მაიკლ ოლისე მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო სამიზნეა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემის, „ბილდის“ ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ავრცელებს.
როგორც ფალკი წერს, მადრიდული გრანდი მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი სატრანსფერო თანხა, 160-165 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მადრიდელთა ინტერესი ოლისეს მიმართ მიმდინარე სეზონში მისმა შედეგიანმა თამაშმა განაპირობა. ყველა ტურნირის ეგიდით ფრანგმა ფეხბურთელმა 16 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა. უშუალოდ „რეალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ოლისემ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები მითითებული ფინანსური მოთხოვნის შესაბამისად წარიმართება, აღნიშნული შეთანხმება თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი უმსხვილესი იქნება.
24 წლის მაიკლ ოლისე მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი 2024 წელს გახდა. ის გერმანულ კლუბს ინგლისური „კრისტალ პალასიდან“ შეუერთდა.