მადრიდის „რეალი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის შემცვლელად იურგენ კლოპს განიხილავს #1TVSPORT
მადრიდის „რეალში“ მთავარი მწვრთნელის შესაძლო ცვლილებაზე სერიოზულად მსჯელობენ. მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით გუნდი ჯერ კიდევ აგრძელებს სამივე ტიტულისთვის ბრძოლას, კლუბის ხელმძღვანელობაში უკვე ფიქრობენ ახალი ეტაპის დაწყებაზე და იურგენ კლოპი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება.
კლოპმა 2024 წლის ზაფხულში დატოვა „ლივერპული“, სადაც ცხრა წარმატებული წელი გაატარა. გერმანელმა სპეციალისტმა საჯაროდ დააანონსა, რომ გარკვეული დროით დასვენებას აპირებდა, თუმცა, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, ის მზად არის საინტერესო და გრძელვადიან პროექტს დაუბრუნდეს. გამოცემა talkSPORT-ი წერს, რომ კლოპი რეალურად განიხილავს „რეალთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობას და ამისთვის რამდენიმე წინაპირობასაც აყენებს.
ფლორენტინო პერესი გუნდის ახალ მწვრთნელად თავიდან ხაბი ალონსოს კანდიდატურასაც განიხილავდა. ლევერკუზენის „ბაიერს“ ალონსომ გასულ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგა და ქვეყნის თასი მოაგებინა.
მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტის მიმდინარე კონტრაქტი ძალაშია და ის წასვლის სურვილს საჯაროდ არ გამოხატავს, კლუბის შიდა წრეებში უთანხმოება ჩნდება. იტალიელი სპეციალისტის მიმართ უკმაყოფილება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ გაიზარდა, რომელშიც „რეალი“ ლონდონის „არსენალმა“ 3:0 დაამარცხა.
კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როგორც ესპანური, ისე ბრიტანული მედია წერს, რომ კლოპი „რეალის“ მთავარი სამიზნეა. მომდევნო კვირები მოლაპარაკების პროცესში გადამწყვეტი იქნება.
57 წლის იურგენ კლოპი „ლივერპულს“ 2015-2024 წლებში ავარჯიშებდა. გუნდთან ერთად გერმანელმა რვა ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის პრემიერლიგა.