მადრიდის ქალთა ტურნირი კიკი ბერტენსმა მოიგო
მადრიდის ქალთა ტურნირი კიკი ბერტენსმა მოიგო

მადრიდში ქალთა უმაღლესი კატეგორიის ტურნირი (Premier Mandatory) ჰოლანდიელი კიკი ბერტენსის ტრიუმფით დასრულდა. მან საათსა 37 წუთში მოუგო ფინალი მსოფლიოს მეორე ჩოგანს, რუმინელ სიმონა ჰალეპს. ბერტენსისთვის ეს კარიერაში მეცხრე და ამ სეზონში მეორე მოგებული ტურნირია.

ფინალში ჰალეპს დამატებითი მოტივაცია ჰქონდა – მოგების შემთხვევაში, ის მსოფლიოს პირველი ნომერი ხდებოდა. რუმინელმა კარგად დაიწყო და პირველ სეტში ორჯერ იგებდა ბრეიკით, მაგრამ 4:2-ის შემდეგ, ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო და პარტია მეტოქის დაუთმო.

მეორე სეტი განსხვავებულად წარიმართა – ბერტენსი მუდმივად წინ იყო. ჰალეპმა ერთხელ უპასუხა მეტოქეს უკუბრეიკით, მაგრამ მეორედ ვერ შეძლო და დამარცხდა – 4:6, 4:6.

ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 3:3 გახდა. ბერტენსმა ამ მოგებისთვის 1 202 000 დოლარი და 1000 სარეიტინგო ქულა მიიღო.

ჰოლანდიელმა მადრიდის ტურნირის ახალი ისტორია დაწერა – ის პირველი ქალია, ვინც ტიტული სეტის წაუგებლად მოიპოვა. ჰალეპის გარდა, ბერტენსმა მადრიდში სინიაკოვა, ოსტაპენკო, სევასტოვა, კვიტოვა და სტივენსი დაამარცხა.

ახალ რეიტინგში კიკი ბერტენსი მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებს, რაც მის კარიერის რეკორდია. კლასიფიკაციაში პირველობა შეინარჩუნა იაპონელმა ნაომი ოსაკამ.