მადრიდის მერი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისევ მადრიდული იქნება და ამჯერად „ატლეტიკო“ გაიმარჯვებს
მადრიდის მერი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისევ მადრიდული იქნება და ამჯერად „ატლეტიკო“ გაიმარჯვებს

მადრიდის მერმა ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ, რომელიც „ატლეტიკოს“ გულშემატკვარია, გამოთქვა მოსაზრება, რომ წელს მისი საყვარელი გუნდი ნამდვილად გახდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, რადგან მას ამაში ხელს ვერ შეუშლის არბიტრი მარკ კლატენბურგი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი მსაჯი 2015-16 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალს ემსახურებოდა, რომელშიც მადრიდის „რეალმა“ თანაქალაქელი „ატლეტიკო“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა, თუმცა მოგვიანებით კლატენბურგმა აღიარა, რომ „რეალ მადრიდის“ მიერ გატანილი გოლის ჩათვლა შეცდომა იყო.

„ამ ჩემპიონთა ლიგას „ატლეტიკო“ მოიგებს. ჩვენ მოქმედი გამარჯვებული „ლივერპული“ გამოვაგდეთ და ეს ისტორიაში ყველაზე უჩვეულო სეზონში მოხდა. ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც მეოთხედფინალში უკვე გასულია და მესამე ჯერზე ნამდვილად გაგვიმართლებს. ამას ისიც ემატება, რომ ამჯერად მადრიდულ ფინალს კლატენბურგი აღარ განსჯის“, – მოჰყავს მარტინეს-ალმეიდას სიტყვები ესპანურ გამოცემა „მარკას“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდის მერს პატარა შეცდომა მოუვიდა: „ატლეტიკო“ არ არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც მეოთხედფინალში თამაში გაინაღდა. ასეთები ასევე არიან „ატალანტა“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ლაიპციგი“.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.