მადრიდის „ატლეტიკოში“ დიეგო სიმეონემ 17 წლის ქართველი ავარჯიშა
მადრიდის „ატლეტიკოში“ დიეგო სიმეონემ 17 წლის ქართველი ავარჯიშა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ძირითად გუნდში ქართველმა ფეხბურთელმა ივარჯიშა – ევროპის ლიგის და ევროპის სუპერთასის გამარჯვებულის გუნდის აკადემიაში 17 წლის ლადო ჩიხრაძე ერთ წლის წინ ჩაირიცხა. ის „საბურთალოს“ ყოფილი თავდამსხმელია, რომელსაც გიორგი ნემსაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში იწვევდა.

ჩიხრაძეს პირველი არხი მადრიდში დაუკავშირდა.

„მადრიდის „ატლეტიკოს“ 18-წლამდელების ფეხბურთელი ვარ და არა ძირითადი გუნდის წევრი. მაგრამ „ეიბართან“ ლა ლიგაში თამაშის მეორე დღეს დიეგო სეიმეონემ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა, რამდენიმეც მსუბუქად ავარჯიშა. სრულფასოვანი ვარჯიში რომ ჩაეტარებინა, 18 და 19-წლამდელების გუნდიდან ხუთი მოთამაშე დაგვამატა. დიდი სიხარულია, ასეთი ცნობილი გუნდში ვარსკვლავების გვერდით მოხვედრა. ისეთ ვარსკვლავებთან ერთად ვივარჯიშეთ, როგორებიც არიან ჟერსონ მარტინსი, დიეგო გოდინი, კორეა, ტომას პარტეი”, – ამბობს ჩიხრაძე.

17 წლის ქართველმა ესპანურ გრანდთან პროფესიული კონტრაქტის გაფორმების პერსპექტივაზეც ისაუბრა.

„მადრიდის „ატლეტიკოში“ 18-წლამდელებში ვთამაშობ, რომელიც ესპანეთის მაშტაბით შერჩეული ძლიერი ბავშვებითაა დაკომპლექტებული. ამ გუნდში მაღალი კონკურენციაა და ამასთან ერთად, დიდი პერსპექტივაც, რადგან „ატლეტიკოს“ ასაკობრივი გუნდი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში გამოდის. ახლა ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული. ძალიან ბევრი შრომაა საჭირო მიზანს რომ მივაღწიო. იმედია, თავის გამოჩენას მოვახერხებ და „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტს გავაფორმებ”,- განუცხადა პირველ არხს ლადო ჩიხრაძემ.