მადლობა ყველაფრისთვის - მამარდაშვილი გატუზოს დაემშვიდობა #1TVSPORT
მადლობა ყველაფრისთვის - მამარდაშვილი გატუზოს დაემშვიდობა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი ჯენარო გატუზოს დაემშვიდობა, რომელიც „ვალენსიამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს“, – წერს მამარდაშვილი „ინსტაგრამზე“.

ქართველი მეკარის მიერ იტალიელი მწვრთნელისთვის გამოხატული მადლიერება ბუნებრივია იმის შემეგ, რაც მამარდავილის მიმართ ჯენარო გატუზომ გააკეთა. ქართველი კიპერი გასულ სეზონში ხოსე ბორდალასმა აიყვანა და გიორგის ლა ლიგაში გზა გაუხსნა, მაგრამ „ვალენსიას“ უპირობო პირველი მეკარე გატუზოს დროს გახდა.

იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა „ვალენსია“ ზაფხულში ჩაიბარა. ის გიორგის მუდამ ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა და, მცირე ჩავარდნის მიუხედავად, ენდობოდა.

შედეგად მამარდაშვილი უფრო თავდაჯერებული გახდა და, Wyscout-ის მიხედვით, ლა ლიგაში ყველაზე მეტი წუთი ითამაშა – 18 თამაში შეუცვლელად ჩაატარა, რაც 1620 წუთია.

შეგახსენებთ, რომ გატუზო „ვალენსიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვორომ შეცვალა, რომელიც გუნდში მეორე მწვრთნელად მუშაობდა და მან პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა.