მაჟორიტარული სისტემა 2020 წლის შემდეგ გაუქმდება, ბლოკების დაშვება ერთჯერადად იქნება, საარჩევნო ბარიერი კი 3-პროცენტიანი გახდება
მაჟორიტარული სისტემა 2020 წლის შემდეგ გაუქმდება, ბლოკების დაშვება ერთჯერადად იქნება, საარჩევნო ბარიერი კი 3-პროცენტიანი გახდება

საქართველოში მაჟორიტარული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუქმდება.

ქვეყნის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ახალი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ორი გამონაკლისი იქნება დაშვებული. კერძოდ, 2020 წლის არჩევნებზე საარჩევნო ბლოკების დაშვება ერთჯერადად მოხდება, საარჩევნო ბარიერი კი, სამი პროცენტი იქნება.

რაც შეეხება იმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში თუ როგორი საარჩევნო სისტემა ამოქმედდება, კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მიიღებენ. კონსტიტუციით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მიიღებენ, მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი კი, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება. კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები იქნება, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. უმრავლესობის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც, პარტიის ხელმძღვანელობამ კომპრომისის სახით გადაწყვიტა, რომ მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყოფილიყო, რის შემდეგაც ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავა.

პარლამენტმა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და უწყებას მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის პირველი პირის მოსაზრებები არ გაითვალისწინა, ვეტო 110 მომხრე ხმით 8-ის წინააღმდეგ დაძლია და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციური პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღეს თელავში გაიმართება.