„ლვოვში“ არაბიძის ტრანსფერი ჩაიშალა - „ნასიონალის“ პრეზიდენტმა დიდი თანხა მოითხოვა
„ლვოვში“ არაბიძის ტრანსფერი ჩაიშალა - „ნასიონალის“ პრეზიდენტმა დიდი თანხა მოითხოვა

„გიორგი არაბიძის დამატება მსურდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ“, – ეს საქართველოს პირველ არხთან ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ცეცაძემ განაცხადა.

44 წლის ქართველი სპეციალისტი უკრაინის პრემიერლიგის „ლვოვს“ ავარჯიშებს. ცეცაძის თქმით, გიორგის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილი ეგონა.

„გიორგი არაბიძეს გუნდში არათუ ვიწვევდი, მისი ტრანსფერი გადაწყვეტილიც მეგონა და ლვოვში გადმოსაფრენად ბილეთებიც აღებული ჰქონდა, მაგრამ არაბიძის დამატება შეუძლებელი გამოდგა, რადგან მისი ტრანსფერი პორტუგალიურ „ნასიონალს“ ეკუთვნის, რომლის პრეზიდენტმაც იმხელა თანხა მოითხოვა, რასაც „ლვოვი“ ვერ შეწვდებოდა“, – აცხადებს გიორგი ცეცაძე.

მისი თქმით, ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ გიორგი პორტუგალიურ კლუბს დაუბრუნდა:

„ერთი ის მახარებს, გიორგი ახლა უგუნდოდ მაინც არ არის. ის პორტუგალიაში დაბრუნდა, გუნდთან ერთად ემზადებოდა, ვარჯიშობს და საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა. იმედი მაქვს, რომ წელს მწვრთნელი შანსს მისცემს, რადგან ამდენი ხანი გუნდშია“.

ცეცაძე დარწმუნებულია, რომ გიორგი საქართველოს ნაკრებს გააძლიერებს:

„მთავარია, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ახლა ჩვენი ნაკრების შეტევაში დიდი კონკურენციაა, ამდენი კარგი ფეხბურთელი დიდი ხანია, არ გვყოლია და გიორგი ფორმაში უნდა შევიდეს, უთამაშებელს არ გამოიძახებენ. მაგრამ მე მისი მომავლის მჯერა, რადგან უნიჭიერესი ბიჭია და მოედანზე დასაბრუნებლად ახლა დიდი მოდომებით ემზადება“.