ლუხუმ ჩხვიმიანმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე 61 ქვეყნის 406 ძიუდოისტი მონაწილეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში ორ წონით კატეგორიაში – 60 და 66 კგ-ში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე და ვაჟა მარგველაშვილი შეეცდებიან.

60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და ისრაელის წარმომადგენელი ლიორ რაფაილოვი შებოჭვით დაამარცხა. მერვედფინალში ქართველი მოლდოველ ალექსანდრუ ტირსინას შეხვდება.

60 კგ-ში რამდენიმე წუთში გრანდ სლემზე მეორე ძიუდოისტი თემურ ნოზაძე გამოვა, რომელიც პირველ დაპირისპირებაში ბრიტანეთის წარმომადგენელ – დილან მუნროს შეხვდება. ბრიტანელთან წარმატების შემთხვევაში კი ნოზაძის მეტოქე, ჩეხ დავიდ პულკრაბეკსა და უნგრელ მარტონ ანდრასს შორის გამარჯვებული იქნება. ორივე ქართველის კარგად გამოსვლის შემთხვევაში ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართულ ნახევარფინალს ვიხილავთ.

დღეს ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 19:00-ზე გაიმართება.