ლუკაკუს მიმართ რასისტული შეურაცხყოფების გამო „იუვენტუსის“ 171 გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა აეკრძალა #1TVSPORT
ლუკაკუს მიმართ რასისტული შეურაცხყოფების გამო „იუვენტუსის“ 171 გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა აეკრძალა #1TVSPORT

ტურინის პოლიციამ „იუვენტუსის“ 171 გულშემატკივარს მატჩებზე დასწრება აუკრძალა.

გაზეთ Corriere della Sera-ს ინფორმაციით, სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახერხეს იმ ფანების ამოცნობა, რომლებიც იტალიის თასის პირველი ნახევარფინალის დროს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფას აყენებდნენ „ინტერის“ ფორვარდს რომელუ ლუკაკუს. ამიერიდან ამ ადამიანებს ეკრძალებათ სტადიონზე შესვლა და საფეხბურთო მატჩებზე დასწრება.

რამდენიმე დღის წინ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გააუქმა ლუკაკუს დისკვალიფიკაცია განმეორებით მატჩზე, რადგან ის მოქმედება, რამაც გამოიწვია ბელგიელი ფეხბურთელის გაძევება, მაყურებლის მხრიდან შეურაცხყოფის შედეგი იყო.

ლუკაკუმ ნახევარფინალის პირველ მატჩში წითელი ბარათი 95-ე წუთზე გატანილი პენალტის შემდეგ მიიღო. მან ჟესტით მოუწოდა „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს გაჩუმებისკენ და სწორედ ამის გამო გააძევა მსაჯმა მოედნიდან.