ლუკაკუ - იტალიაში გადასვლა? რატომაც არა?
ლუკაკუ - იტალიაში გადასვლა? რატომაც არა?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მომავალში იტალიის ჩემპიონატში გადასვლას არ გამორიცხავს. 25 წლის ფეხბურთელი „ევერტონიდან“ მანჩესტერში 2017 წელს გადავიდა და მასში 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.

„რატომაც არა? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეც მოხდება“, – უპასუხა ლუკაკუმ იტალიელ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, სურდა თუ არა ძალების იტალიაში მოსინჯვა.

შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას „მანჩესტერ იუნაიტედი“ იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდო, რომელიც ამჟამად ტურინელთა რიგებშია, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

„ისინი ყოველ წელს აუმჯობესებენ თამაშს და ეჭვი არ არის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ორ-სამ გუნდს შორის არიან. ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ და ფეხბურთელებიც – არაჩვეულებრივი. მათ შორის საუკეთესო უდაოდ კრიშტიანოა, მაგრამ სხვებსაც შეხედეთ: დიბალა ყოველთვის კარგი იყო და ახლა კიდევ უფრო უკეთესია, ძალიან მომწონს დუგლას კოშტაც“, – ამბობს ლუკაკუ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „იუვენტუსი“ ერთმანეთს 23 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.