თბილისის „იბერიას“ ლატვიიდან ნახევარმცველი ლუკა სილაგაძე დაბრუნდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„სილაგაძე ბოლოს ლატვიური RFS-ის ღირსებას იცავდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა. ამავე დროს, ლუკამ ამ გუნდის მაისურით ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხუთი მატჩი ჩაატარა“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.
სილაგაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. 25 წლის შემტევმა, ლატვიაში გადასვლამდე, ითამაშა თბილისის „ლოკომოტივსა“ და „რუსთავში“. ლატვიაში მისი პირველი კლუბი „ვალმიერა“ იყო, რომელთან ერთადაც 2022 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
საჩემპიონო სეზონის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და „იბერიასთან“ ერთად საქართველოს თასი მოიგო. 2024 წლის დასაწყისში ისევ ლატვიაში დაბრუნდა და თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილ „ლიეპაიაში“ ჩაირიცხა, სადაც მის გარდა ვაჟა ფაცაცია, გიორგი კუცია, რატი არდაზიშვილი და ანდრია ხორხელიც თამაშობდნენ.
25 წლის ფეხბურთელი ლატვიის ჩემპიონ RFS-ში (რიგის საფეხბურთო სკოლა) 2024 წლის ივლისში გადავიდა, სადაც ამ წლის დასაწყისიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფლანგელი, ლაშა ოდიშარია თამაშობდა. ორივემ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიიღეს მონაწილეობა.