ლუკა პარკაძე ავსტრიაში თამაშის ნებართვის მოლოდინშია #1TVSPORT
ლუკა პარკაძე ავსტრიაში თამაშის ნებართვის მოლოდინშია #1TVSPORT

ლუკა პარკაძე მიუნხენის „ბაიერნმა“ ავსტრიის ლიგა 2-ის ბინადარ „ადმირა ვაკერში“ იჯარით გაუშვა, მაგრამ დაიწყო სეზონი და 18 წლის ქართველი ლეგიონერი კლუბის განაცხადში არაა, მიზეზი კი სამუშაო ვიზის დაგვიანებაა, – ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა noen.at-ი ავრცელებს.

გერმანულმა გრანდმა ერთი კვირის წინ დაადასტურა, რომ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს ავსტრიულ კლუბში სათამაშო გამოცდილებისთვის გაუშვებდა. „ადმირამ“ ავსტრიის თასის 1/32-ფინალში „კლაგენფურტთან“ სტუმრად მოიგო (4:2), ლიგა 2-ის სეზონის პირველი შეხვედრაში შინ „შტრიპფინგი“ დაამარცხა (1:0). არცერთი მატჩის ოფიციალურ განაცხადში პარკაძის გვარი არ ფიგურირებდა.

„ადმირასთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თასის მატჩის მოგება დამატებით დროში. ორი ცუდი სეზონის შემდეგ „კლაგენფურტთან“ დამარცხება, რომელიც რეგიონალიგაში დაქვეითდა, დიდი წარუმატებლობა იქნებოდა.

„ჩემპიონატის დასაწყისს გუნდი საუკეთესო დროს არ ხვდება. „ადმირას“ ახალ მოთამაშეს, გეორგ ტეიგლს (ლუკა ლოჩოშვილმა „აუსტრიასთან“ მატჩის დროს გადაარჩინა) ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რათა სათამაშო ფორმაში შევიდეს.

ლუკა პარკაძეს თამაშის უფლება ჯერ არ მიუღია. გუნდის კაპიტანი სტეფან ზვირშიციც სამთვიანი შესვენების შემდეგ კარგ ფორმაში არაა. ამიტომ საწყის ტურებში „ადმირასგან“ სასწაულებს ნუ ელოდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდს უფრო აუტსაიდერის როლი შეეფერება, ვიდრე ფავორიტის“, – წერს გამოცემა.

18 წლის ქართველი შემტევი „ბაიერნში“ „დინამო თბილისიდან“ გადავიდა და გერმანულ გრანდში 33-ნომრიანი მაისური მიიღო. მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ლუკა გუნდთან ერთად სეზონისთვის მოსამზადებლად პირველ შეკრებაზე ქალაქ ტეგერნზეში წაიყვანა, მაგრამ რამდენიმე დღეში ავსტრიის რანგით მეორე ლიგის გუნდში გაუშვა.