ლუკა მოდრიჩმა „მილანთან" კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
ლუკა მოდრიჩმა „მილანთან" კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა თანხმობა განაცხადა „მილანში“ გადასვლაზე.

როგორც ESPN-ი წერს, მხარეებმა ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში შეათანხმეს კონტრაქტის პირობები. 39 წლის ხორვატი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გახდება „მილანის“ ფეხბურთელი.

წყაროს ცნობით, მოდრიჩი იტალიურ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ნახევარმცველის ხელფასი წელიწადში 3.5 მილიონი ევრო იქნება.

მოდრიჩის „მილანში“ გადასვლა დაადასტურა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, იგლი ტარემ.

„მე ველაპარაკე მას და დავინახე ადამიანი, რომელსაც სურს, იყოს კონკურენტუნარიანი. მისი მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის, რომელსაც სჭირდება ასეთი მოთამაშეები – ლიდერის თვისებებით.

პირველი კითხვა, რომელიც ლუკამ დამისვა, ასეთი იყო: „ვიქნებით თუ არა გუნდი, რომელიც შექმნილია ჩემპიონატში გამარჯვებისთვის?“ მან ექვსჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და სურს, თავიდანვე იყოს წამყვანი ფეხბურთელი.

ის მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ გუნდში მოიტანს მენტალიტეტს, ლიდერის თვისებებს და პროფესიონალიზმს. ის ფაქტი, რომ ლუკა „მილანის“ გულშემატკივარია, ამ ისტორიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და ძალიან კარგი იქნება, თუ ის დიდებულ სეზონს ჩაატარებს აქ მსოფლიო ჩემპიონატის წინ“, – განაცხადა ტარემ

ლუკა მოდრიჩმა „რეალში“ 13 წელი ითამაშა და, ჯამში, 28 ტიტული მოიგო.