ლუკა მოდრიჩი – VAR-ის ტექნოლოგია არასწორად ან შერჩევითად გამოიყენება #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალურ ეტაპზე პორტუგალიასთან განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა ვიდეორეფერის (VAR) სისტემის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.
მისი აზრით, ტექნოლოგია მიკერძოებულად და შერჩევითად გამოიყენება. მოდრიჩის განცხადებით, შეხვედრა ორ განსხვავებულ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველ ტაიმში გუნდი ზედმეტად დაცვაზე იყო ორიენტირებული და სასურველ დონეზე ვერ მოქმედდება, თუმცა მეორე ნახევარში ხორვატებმა ფენომენალური ფეხბურთი აჩვენეს.
„მომხდარს ვეღარ შევცვლით. თამაშის დასრულებისთანავე, ემოციურ ფონზე რთულია სწორი სიტყვების პოვნა და არ მინდა, ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგონ. მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშით ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ. ჩვენ გაცილებით მეტს ვიმსახურებდით, თუმცა ფეხბურთი ასეთია.
ადრეც ვამბობდი, როცა VAR-ი დაინერგა, რომ არ მომწონდა. ბევრი რამისთვის ეს სასარგებლო ტექნოლოგიაა, თუმცა არასწორად ან შერჩევითად გამოიყენებენ. VAR-ი მაშინ უნდა ამოქმედდეს, როცა შეცდომა 200-პროცენტიანია. პორტუგალიის ადგილას ჩვენ რომ ვყოფილიყავით, VAR-ი თამაშში არ ჩაერეოდა“, – აღნიშნა მოდრიჩმა.
ლუკა მოდრიჩმა ხორვატიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ორი მედალი მოიპოვა, 2018 წელს – ვერცხლი, ხოლო 2022 წელს – ბრინჯაო. სავარაუდოდ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის უკანასკნელი იყო.