ლუკა მოდრიჩი - არგენტინის ნაკრებს და მესის პატივისცემით ვუყურებთ, მაგრამ არ გვეშინია #1TVSPORT
ლუკა მოდრიჩი - არგენტინის ნაკრებს და მესის პატივისცემით ვუყურებთ, მაგრამ არ გვეშინია #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა ​არგენტინასთან მოახლოებულ ნახევარფინალურ დაპირისპირებასა და მაროკოს ნაკრებზე ისაუბრა, რომელიც კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა გახდა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ხორვატია და მაროკო ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში დაუპირისპირდნენ (0:0), რის შემდეგაც ბევრმა ეს ხორვატების მიერ ქულების დაკარგვად აღიქვა.

„მაროკოს წინააღმდეგ ჩვენ ტურნირზე პირველი მატჩი გავმართეთ. ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ და ხორვატიაში ყველამ დაიწყო ჩვენი კრიტიკა. მაგრამ ნახეთ, სად არის ახლა ეს გუნდი. მაშინვე მივხვდი, რომ რთული იყო მათთან თამაში და რომ ისინი ყველასთვის რთული მეტოქე იქნებოდნენ“, – განაცხადა მოდრიჩმა ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდთან.

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა და კაპიტანმა ასევე ისაუბრა ლეო მესის არგენტინის ნაკრებზე, რომელსაც ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.

„როდესაც ხორვატიისთვის ვთამაშობთ, ეს ჩვენთვის მშვენიერი გრძნობაა, ამ მაისურის ტარება წმინდაა. მადრიდის „რეალსაც“ აქვს ეს დნმ: ყოველთვის ბოლომდე უნდა წახვიდე და არასოდეს დანებდე. იგივე ხდება ხორვატიის ნაკრებშიც. ამ ქვეყანამ ბევრი რამ გამოიარა და ჩვენ სხვა ხასიათი ჩამოგვიყალიბდა. ყველაფერი ის, რაც გადაგვხდა, ფეხბურთშიც გვეხმარება. რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს და მესის, პატივისცემით ვუყურებთ, მაგრამ არ გვეშინია. ფეხბურთში ასეთ მომენტში შიში არ არსებობს“, – ამბობს მოდრიჩი.

აქვე ვიტყვით, რომ ხორვატიისა და მაროკოს გუნდები, შესაძლოა, ერთმანეთს ტურნირზე კვლავ შეხვდნენ: ნახევარფინალში მოგების შემთხვევაში – ფინალში, ხოლო წაგების შემთხვევაში მესამე ადგილისთვის დაგეგმილ თამაშში. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალები 13 და 14 დეკემბერს გაიმართება. ხორვატიის ნაკრები 13 დეკემბერს არგენტინას დაუპირისპირდება, ხოლო მაროკო – საფრანგეთს 14 დეკემბერს. ორივე თამაში თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. მატჩების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.