ლუკა მაისურაძის შესრულებული იპონი „გრანდ სლემის“ ხუთ საუკეთესოში მოხვდა [ვიდეო]

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ოფიციალურ „იუთუბ“ (Youtube)-არხზე ეკატერინბურგის „გრანდ სლემის“ ხუთი საუკეთესო იპონი გამოაქვეყნა. „ტოპ 5“-ში (TOP 5) მეორე ადგილზე ლუკა მაისურაძეა.

IJF-ში ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქართველის ის გდება გამოარჩიეს, რომელმაც საბოლოოდ მაისურაძეს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ლუკამ ამ იპონით წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ტიტულოვანი ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა.

ხუთეულში პირველ ადგილზე რუსეთის ნაკრების წევრი, არმან ადამიანია. მომავალმა ჩემპიონმა 100 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში კანადელ მეტოქეს იპონით მოუგო. მესამე პოზიციას მასპინძელთა კიდევ ერთი წარმომადგენელი, დარია მეჟეცკაია იკავებს. ორგანიზატორებმა მის მიერ 57 კილოგრამი წონითი კატეგორიის პირველ რაუნდში შესრულებული გდება გამოარჩიეს, რომელიც ყაზახ ნიშინბაევას გაუკეთა. მძიმეწონოსანი ბრაზილიელი ქალი ძიუდოისტია ხუთეულის მეოთხე ადგილზე. მომავალმა ჩემპიონმა მარია სუელენ ალტემანმა ეფექტური იპონი ნახევარფინალში, თანამემამულე ბეტრიზ სოუზასთან შეასრულა. ხუთეულს კიდევ ერთი ბრაზილიელი, მძიმეწონოსანი მამაკაცი, რაფაელ სილვა ასრულებს.  მეხუთე პოზიცია მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ტიტულოვან სამხრეთ ამერიკელს ანტონ ხრივობოკოვთან შესრულებულმა ილეთმა მოუტანა.

შეგახსნებთ რომ, რუსეთში გამართულ წლის რიგით მესამე „გრანდ სლემზე“ ლუკა მაისურაძის გარდა საქართველოს ნაკრებიდან მედლები კიდევ ორმა ძიუდოისტმა დაისაკუთრა. ასევე ბრინჯაო აიღო ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ. ), ხოლო ბექა ღვინიაშვილი ( 90 კგ. ) ვერცხლს დაეუფლა.