ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩეხი დავიდ კლარმეტი დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა დამატებით დროში მეტოქეს ეფექტური გდება გაუკეთა და იპონით მოუგო.

ცოტა ხნის წინ ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

დღეს გრანდ სლემზე გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაამთავრეს მძიმეწონოსნებმა გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, ასევე ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ), გიორგი ბერიაშვილმა (100კგ) და ლაშა ბექაურმა (90კგ).

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.