ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, თუშიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ფინალურ ბლოკში ორ ქართველს – ლუკა მაისურაძეს (90კგ) და მძიმეწონოსან გურამ თუშიშვილს ვიხილავთ. ახალგაზრდა მაისურაძემ ნახევარფინალში ულამაზესი გდებით უნგრელი კრისტიან ტოტი დაამარცხა და კონტინენტის პირველობის ფინალში ბერძენ ან სერბ ძიუდოისტს შეხვდება. ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გურამ თუშიშვილი. იგი ნახევარფინალში ნიდერლანდელ სპაიკერსთან იპონით დამარცხდა და მესამე ადგილისთვის უკრაინელ ხამოს შეხვდება.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ვარლამ ლიპარტელიანსაც (100კგ), მაგრამ ნაკრების კაპიტანი რეპეჟაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა. ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ილია სულამანიძე და სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.

ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.