ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს - ეკატერინბურგის „გრანდ სლემი“ [ვიდეო]
ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს - ეკატერინბურგის „გრანდ სლემი“ [ვიდეო]

რუსეთში მიმდნიარე წლის რიგით მესამე „დიდი მუზარადის“ ტურნირზე, დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც სამმა პირველივე შეხვედრა დათმო. ერთადერთი, ვინც ნოდარ მეტრეველის გუნდიდან ფინალურ ბლოკში მოხვდა 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძეა. ლუკამ პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი რუმინელ კატარენ მარიანს დაუპირისპირდა და წუთსა და 44 წამში დააიპონა.

ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქართველის მეტოქე მერვედფინალში გამოცდილი მონღოლი ძიუდოისტი იყო. აზიის ჩემპიონატის სამგზის პრიზიორ და ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულ უდგანბაატარ ოტგონბაატართან მაისურაძემ ვაზა-არით დაწინაურება შეძლო, უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და მეოთხედფინალშიც გავიდა.

მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი ბელგიელი, მატიას კასი იყო. დაძაბული და თანაბარი ორთაბრძოლის ძირითადი დრო ძიუდოისტებმა ორ-ორი შიდოთი დაასრულეს, დამატებით დროში კი ბელგიელმა მტკივნეული ილეთის შესრულება შეძლო და მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბროლაში გადაერთო.

რეპეშაჟში მაისურაძე რუმინელ მარსელ ჩერჩას შეხვდა და საფინალო სირენამდე ხუთი წამით ადრე აღებული ვაზა-არით ბრინჯაოს მედალს ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონს, ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს შეხვდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება, 81 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის მედლების გათამაშება კი დღის დასკვნითი ნაწილი იქნება.

ამავე წონაში, პირველივე ორთაბრძოლა დათმო ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონთან, ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.

ორივე ქართველი პირველივე წრეში დამარცხდა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, მასპინძელთა წარმომადგენელ ევგენი პროკოპჩუკთან ორ წუთსა და ცხრა წამში წააგო.

ასევე რუსეთის ნაკრების წევრთან და ასევე ვადამდე დამარცხდა ვალერი იაშვილიც, რომელმაც გეორგი ელბაკიევის ბარიერი ვერ დაძლია.

ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს მედლები ვაჟთა დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. 90 კილოგრამში საქართველოს ღირსებას უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი დაიცავენ. 100 კილოგრამში ნოდარ მეტრეველის განკარგულებაში ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი არიან, მძიმე წონაში კი მედლებისთვის ბრძოლას გელა ზაალიშვილი შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინბურგის „გრანდ სლემზე“ საქართელოს ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს, რომელიც ტურნირის პირველ დღეს ბაგრატ ნინიაშვილმა ( 66 კგ. ) მოიპოვა.

დატოვე კომენტარი