ლუკა ლოჩოშვილს სერია B-სა და თურქეთის სუპერლიგის გუნდები იწვევენ #1TVSPORT
„კრემონეზეს“ ქართველი მცველი, ლუკა ლოჩოშვილი შეიძლება იტალიის სერია B-ს, ან თურქეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდეს – ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.
იტალიური გამოცემის მიერ გავრცელებული ცნობით, ლოჩოშვილით სერია B-ს გუნდები, „სალერნიტანა“ და „მოდენა“ დაინტერესდნენ.
„„სალერნიტანა“ „კრემონეზეს“ ცენტრალური მცველით, ლუკა ლოჩოშვილით დაინტერესდა, რომელმაც ევროპის ბოლო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში ითამაშა. 1998 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა ტურნირზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ოთხი მატჩი ჩაატარა და საიმედოდ გამოიყურებოდა.
ლოჩოშვილი ცენტრალური მცველია, კარგი ფიზიკური მონაცემებით, მას ასევე მარცხენა მცველად შეუძლია თამაში. მიმდინარე სეზონში „კრემონეზეში“ მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა, რომელთაგან უმრავლესობაში შეცვლაზე შევიდა. ლოჩოშვილს შეთავაზებები სხვა გუნდებიდან აქვს – მისი შეძენა „მოდენასაც“ სურს“, – ეს იტალიური გამოცემის ვერსიაა.
თურქული გამოცემა gazianteprefleks-ი კი ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების მცველს თურქეთის სუპერლიგის „გაზიანთები“ და „რიზესფორი“ იწვევენ.
„საფეხბურთო კლუბმა „გაზიანთებმა“ მოლაპარაკება დაიწყო ლუკა ლოჩოშვილთან, რომელსაც „რიზესფორშიც“ იწვევენ. 26 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც სერია B-ს „კრემონეზეში“ თამაშობს, სავარაუდოდ, „გაზიანთების“ შეთავაზებას განიხილავს. კლუბი მოლაპარაკებებს განაგრძობს და ქართველი მოთამაშის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს“, – აღნიშნულია gazianteprefleks-ის სტატიაში.