ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ იტალიის სერია B-ს პლეი აუტში „სამპდორიას“ შეხვდება #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ სერია B-ს პლეი აუტის ორმატჩიან დაპირისპირებაში „სამპდორიას“ შეხვდება. თავდაპირველად სალერნოელებს გიორგი კვერნაძის „ფროზინონესთან“ უნდა ეთამაშათ, თუმცა ცხრილში ცვლილებების შემდეგ მათ ახალი მეტოქე ეყოლებათ.
ყველაფერი „ბრეშას“ გარშემო განვითარებული მოვლენებით დაიწყო — გუნდმა სეზონი 43 ქულით დაასრულა და მე-15 ადგილი დაიკავა, რაც ავტომატურად ნიშნავს სერია B-ში დარჩენას. თუმცა მოგვიანებით „ბრეშას“ დისციპლინარული დარღვევები დაუდასტურდა და ოთხი ქულა დააკლეს. შედეგად, გუნდი პლეი აუტის თამაშის გარეშე სერია C-ში დაქვეითდა.
„ბრეშას“ ქულების ჩამოკლებით “ფროზინონემ“ ისარგებლა — გუნდმა მე-16 ადგილზე გადაინაცვლა და ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა თავიდან აიცილა. მათ ნაცვლად პლეი აუტში „სამპდორია“ აღმოჩნდა, რომელიც ახლა „სალერნიტანას“ შეხვდება.
პლეი აუტის პირველი შეხვედრა 15 ივნისს გენუაში გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 20 ივნისს სალერნოში. წაგებული გუნდი სერია C-ში დაეშვება, ხოლო გამარჯვებული სერია B-ში ადგილს შეინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი „სალერნიტანაში“ იჯარით თამაშობს. მისი სატრანსფერო უფლებები „კრემონეზეს“ ეკუთვნის — კლუბს, რომელიც სეზონის ბოლოს სერია A-ში დაბრუნდა.