ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ მთავარ მწვრთნელად ჯოვანი სტროპა დაინიშნა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ მთავარ მწვრთნელად ჯოვანი სტროპა დაინიშნა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეში“ ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნეს. კლუბი დავიდე ბალარდინის დაემშვიდობა და შემცვლელი მალევე მონახა. გუნდს 55 წლის მილანელი სპეციალისტი ჯოვანი სტროპა გაუძღვება.

„კრემონეზემ“ იტალიის სერია B-ს საწყის 5 ტურში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა, რაც ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. კრემონელებმა ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს. სტროპასთან ერთად, სამწვრთნელო სტაფს შეუერთდებიან ახალი ასისტენტები, ანალიტიკოსი და მეკარეების მწვრთნელი.

სტროპა არიგო საკისა და ფაბიო კაპელოს „მილანის“ ნახევარმცველი იყო. სამწვრთნელო კარიერა „მილან პრიმავერაში“ დაიწყო, რომელთან ერთადაც მოიგო ახალგაზრდებში იტალიის თასი. „პესკარაში“, „სპეციასა“ და „ტიროლიში“ მიღებული გამოცდილების შემდეგ, 2016/17 სეზონში გადავიდა „ფოჯაში“, რომელიც სერია B-ში დააწინაურა და ლიგის თასი მოიპოვა.

2018/19 სეზონში სტროპამ კონტრაქტი გააფორმა „კროტონესთან“, რომელიც სერია A-ში გადაიყვანა. 2021 წლის 28 მაისს დაინიშნა „მონცას“ მწვრთნელად და გუნდი სერია A-ში პირველად დააწინაურა, რაც გუნდისთვის ისტორიული მიღწევა იყო.

სტროპა პრესას ჯერ არ შეხვედრია, მაგრამ პირველი ვარჯიში ჩაატარა და მოთამაშეები გაიცნო. კლუბმა მას მიზნად სერია A-ში დაბრუნება დაუსახა.