ლუკა ლოჩოშვილი - „ზალცბურგი“ დიდი გუნდია და მასთან მოგებამ ძალიან გამახარა
ლუკა ლოჩოშვილი - „ზალცბურგი“ დიდი გუნდია და მასთან მოგებამ ძალიან გამახარა

ლუკა ლოჩოშვილმა და „ვოლფსბერგერმა“ ევროპის ლიგის პლეი ოფში გააღწიეს. მათ მორიგი ეფექტური მატჩი საშინაო ჩემპიონატში გამართეს – ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში სტუმრად ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერი „ზალცბურგი“ 3:2 დაამარცხეს.

გურამ გიორბელიძე ამჯერად ისვენებდა, ლოჩოშვილი კი „ზალცბურგთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და ასეთი სტატისტიკა დააგროვა – 10 მოგერიება, 4 ჩაჭრა, 4 მოგებული ორთაბრძოლა, გადაცემების 76%-იანი სიზუსტე (22) და კარში 1 დარტყმა.

ქართველ მცველს საერთაშორისო ანალიტიკურმა გვერდმა „სოფა სქორმა“ საკმაოდ მაღალი შეფასება, 7,3 ქულა დაუწერა. საქართველოს პირველ არხთან 21 წლის მცველმა საშემოდგომო ეტაპი შეაფასა.

„ასეთ ძლიერ გუნდთან მოგება ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრს ნიშნავდა. „ზალცბურგი“ დიდი გუნდია და მასთან მოგებამ ძალიან გამახარა. ბუნებრივია, მიხარია, რომ ჩემი თამაში დადებითად შეაფასეს. ასეთ გუნდებთან შეხვედრებით იზრდები მოთამაშე და დიდ გამოცდილებას იძენ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლუკა ლოჩოშვილი.

12 ტურის შემდეგ, გასული სეზონის მესამეადგილოსანმავოლფსბერგერმა“ ავსტრიის ბუნდესლიგაში 16 ქულა დააგროვა და მხოლოდ მეექვსე ადგილზეა. ლოჩოშვილის თქმით, ამას ლოგიკური ახსნა გააჩნია.

„ერთდროულად ვიბრძვით ავსტრიის ჩემპიონატში, თასზე და ევროპის ლიგაზე. ამის გამო მთლიანად ჩემპიონატზე ვერ გადავერთვეთ. ბოლო 20 დღეში 6 თამაში ჩავატარეთ – იყო შეხვედრები, დაღლილობა თავს იჩენდა და ამან შედეგებზე გავლენა მოახდინა. თუმცა, ახლა მეტი შანსია, რომ ჩემპიონატზე მეტი კონცენტრაცია მოვახდინოთ“, – აცხადებს ლოჩოშვილი.