ლუკა ლოჩოშვილი - „კრემონეზეს“ მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილი - „კრემონეზეს“ მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ #1TVSPORT

სერია A-ს გუნდში წელს ჩარიცხული მეორე ქართველი მოთამაშე, „კრემონეზეს“ ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი Il Grigio e il Rosso-ს გამოცემის სტუმარი იყო. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბერგამოშიატალანტასთან“ გასვლაზე ფრედ დასრულებულ (1:1) მატჩზე და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ქულების აღება ყველაზე მთავარია. ცხადია, „კრემონეზესთვის“ ასეთ ძლიერ გუნდთან ქულის მოპოვება, მით უფრო იმის გამო, რომ სატურნირო ცხრილში პირველზე იყო, ძალიან საამაყოა. გარდა ამისა, ეს იყო გასვლითი თამაში, რომელიც ჩვენგან მეტ ძალისხმევას მოითხოვდა. ჩვენ ბედნიერები ვართ ბერგამოში აღებული ქულით“, – ამბობს ლოჩოშვილი.

24 წლის მცველი დარწმუნებულია, რომ „კრემონეზე“ თამაშს მოუმატებს და ქულებს მოიპოვებს.

„დღითი დღე შეძლებთ ნახოთ, რომ გუნდი თამაშს აუმჯობესებს. მაგალითად, ეს „ატალანტასთან“ მატჩში დაცვის მოქმედებაში დავინახეთ. რა თქმა უნდა, ის, რასაც დაცვაში ვაკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის და მჯერა, რომ ყველაფერი, რაზეც ვვარჯიშობთ, გვეხმარება თამაშის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, რომ ის შრომა, რომელსაც გუნდის ყველა წევრი ასრულებს, წინსვლაში დაგვეხმარება. ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და „კრემონეზეს“ მომავლის მჯერა“.

ლუკა ლოჩოშვილი მალე შეუერთდება საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ჯგუფური მატჩების სათამაშოდ. ის „კრემონეზეს“ მეოთხე ფეხბურთელია, რომელიც ეროვნულ გუნდში გამოიძახეს. სერია A-ში ქართველი ცენტრალური მცველი დამაჯერებლად თამაშობს და ნაკრებს კარგ სათამაშო ფორმაში შეუერთდება.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C4 ჯგუფში 23 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, ხოლო 26 სექტემბერს გიბრალტარს ესტუმრება.