ლუკა ლოჩოშვილი - იმედია, „ვოლფსბერგერი“ ევროპალიგის პლეი ოფში გავა
ლუკა ლოჩოშვილი - იმედია, „ვოლფსბერგერი“ ევროპალიგის პლეი ოფში გავა

დღეს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება. პლეი ოფში გასვლის მშვენიერი შანსი გააჩნია ავსტრიულ „ვოლფსბერგერს“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი და გური გიორბელიძე თამაშობენ.

ხუთი შეხვედრის შემდეგ, ავსტრიელებმა 7 ქულა დააგროვეს და ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, მესამე ადგილზე მყოფ ნიდერლანდურ „ფეიენოორდს“ კი ორი ქულით ასწრებენ. „ვოლფსბერგერი“ დღეს უშუალო კონკურენტს საშინაო სტადიონზე მიიღებს.

ლუკა ლოჩოშვილი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ გუნდის წარმატებისა და პლეი ოფში გასვლის სჯერა: „ნიდერლანდელების დამარცხება იოლი არ იქნება. თუმცა, პირველი მატჩი როტერდამში 1:4 მოვუგეთ. ევროპის ლიგის პლეი ოფში გასასვლელად „ფეიენოორდთან“ სახლში ფრეც გვყოფნის და იმედი მაქვს, რომ მეორე შეხვედარსაც საჩვენო შედეგით დავასრულებთ. თუმცა, გადამწყვეტი შეხვედრაა და მობილიზაცია დაგვჭირდება. ეს ჩემთვის ძალიან კარგი ამბავი იქნება, რადგან ასეთ ტურნირზე გამოსვლა ნებისმიერ მოთამაშეს ზრდის და ავითარებს“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლოჩოშვილი.

ავსტრიელებმა მე-5 ტურში გასვლაზე მოსკოვის ცსკა დაამარცხეს, სადაც წარმოშობით ქართველი ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი თამაშობს. ლოჩოშვილმა ეს შეხვედრა გაიხსენა: „მოსკოვში ცსკა-ს დამარცხება სატურნირო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ვოლფსბერგერმა“ ბევრად მდიდარი კლუბი დაამარცხა და ამან ჩვენი მოგება ორმაგად დასაფასებელი გახადა.

პირადად ჩემთვის სასიამოვნო და საამაყო მოგება გახლდათ. ცსკა-სთან შეხვედრას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა ჰქონდა და გამარჯვებაც ორმაგად გამიხარდა. გამიხარდა, რომ ამ მოგებაში ჩემი წვლილი კარგად შეაფასეს“.

მოსკოვის ცსკა-ში წარმოშობით ქართველი ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი თამაშობს. ლოჩოშვილმა მასთან შეხვედრა გაიხსენა: „მატჩის შემდეგ მარადიშვილთან მივედი და ვუთხარი, ვიცი, ქართველი ხარ-მეთქი და თავად მითხრა, მამაჩემიც ქართველია და გამიხარდება, მაისურები რომ გავცვალოთო. სხვათა შორის, ძალიან კარგი ფეხბურთელია“.