ლუკა ლაკვეხელიანმა „მეზორკოვეშდთან“ კონტრაქტი გააფორმა და პირველად ივარჯიშა
ლუკა ლაკვეხელიანმა „მეზორკოვეშდთან“ კონტრაქტი გააფორმა და პირველად ივარჯიშა

„საბურთალოს“ ფეხბურთელმა ლუკა ლაკვეხელიანმა უნგრულ „მეზოკოვეშდთან“ დღეს სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

22 წლის მცველმა გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა, დღეს კი ახალ კლუბში პირველად ივარჯიშა.

„ორშაბათს გუნდთან წარმადგინეს, დღეს კი ახალ კლუბში პირველად ვივარჯიშე. მანამდე გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მჯერა, ამ გამოწვევას თავს გავართმევ,“ – ამბობს ლუკა ლაკვეხელიანი.

მან თავის ყოფილ კლუბზე, „საბურთალოზეც“ ილაპარაკა: „არ იყო იოლი იმ გუნდთან განშორება, სადაც ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. „საბურთალოსთან“ მთელი ბავშობა მაკავშირებს. ამ გუნდმა ყველაფერი მომცა და მინდა, მადლობა ვუთხრა მის თითოეულ წევრს. მომავალშიც თბილისური კლუბის გულშემატკივრად ვრჩები“.

ლუკა ლაკვეხელიანმა „საბურთალოსთან“ ერთად მოიპოვა ჩემპიონობა, ქვეყნის თასი და სუპერთასი. კლუბი მას დაემშვიდობა და წარმატებები უსურვა – „ჩვენი კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით ლუკას „საბურთალოში“ გაწეული შრომისთვის! მომავალში წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებთ!“