ლუკა კურტანიძე - ყველაფერი ჭიდაობის საკეთილდღეოდ უნდა გადაწყდეს
ლუკა კურტანიძე - ყველაფერი ჭიდაობის საკეთილდღეოდ უნდა გადაწყდეს

ჭიდაობის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ვეტერანი მოჭიდავე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ლუკა კურტანიძეც იმყოფება. არსებულ ვითარებაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართალდამცავებს ნდობას უცხადებს.

„ახლა რა მდგომარეობაშიც ვართ, ამაზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს და ერთად ვიპოვნოთ გამოსავალი. ვერთიანდებით ყველანი, რომ ჭიდაობის ფედერაციამ უნდა გააგრძელოს საქმიანობა. ეს წლები ფედერაცია ყველაფერს აკეთებდა კარგი შედეგებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ დათუნაშვილი, ჩვენ დასაკარგი სპორტსმენები არ გვყავს. ზურა და გიორგი დათუნაშვილები ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი მეგობრები არიან და ემოციურ ფონზე რაც მოხდა იმას გაგრძელება არ უნდა მოჰყვეს. რაც შეეხება გეგა გეგეშიძეს – მე სრულად ვენდობი სამართალდამცავებს. ვფიქრობ, რომ საზოგადოების აზრი იქნება ერთიანი და იქნება ღირსეული. აღარ არის საჭირო დაპირისპირების გარღრმავება, ყველაფერი ჭიდაობის საკეთილდღეოდ უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა ვეტერანმა მოჭიდავემ.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციასთან შეკრებილები მხარდაჭერას უცხადებენ ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს, რომელიც 22 იანვარს, საქართველოს ჭიდაობის ჩემპიონატზე განვითარებული მოვლენების გამო დააკავეს.

დატოვე კომენტარი