ლუკა ხორხელმა „ტრნავაში“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა – სლოვაკეთში, შესაძლოა, წულუკიძემაც ითამაშოს #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში „ტრნავამ“, სადაც გიორგი მოისწრაფიშვილი და ლუკა ხორხელი თამაშობენ, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი – ლუკა წულუკიძე დაიმატოს.
სლოვაკურმა გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი „ტეპლიცესთან“ გამართა და 0:2 დამარცხდა, „ტრნავას“ შემადგენლობაში ლუკა ხორხელმა (რომელიც გასული სეზონის აღმოჩენა გახდა) პირველ ტაიმში ითამაშა, მოისწრაფიშვილი კი მოედანზე არ გამოჩენილა.
სლოვაკურ კლუბს ახალი სეზონიდან, შესაძლოა, ლუკა წულუკიძეც დაემატოს – 90min Georgia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 22 წლის ნახევარმცველსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.
„ტრნავამ“ სლოვაკეთის ჩემპიონატის გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ოთხშაბათს, 2 ივლისს პლზენის „ვიქტორიის“ წინააღმდეგ გამართავს.