ლუკა გუგეშაშვილი „პანსერაიკოსისა“ და „ვოლოსის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
ლუკა გუგეშაშვილმა საბერძნეთის სუპერლიგის მნიშვნელოვანი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. ქართველი მეკარე „პანსერაიკოსს“ „ვოლოსის“ დამარცხებაში დაეხმარა (3:0) და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვა, შეხვედრის დასაწყისში გუგეშაშვილს რამდენიმე სერიოზული მომენტის განეიტრალება მოუწია. ქართველმა მეკარემ ექვსიდან ექვსი რთული დარტყმა მოიგერია.
მატჩის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდიც სწორედ მას უკავშირდება – „პანსერაიკოსმა“ ანგარიში 38-ე წუთზე ხეფტე ბეტანკორის გოლით გახსნა, საგოლე გადაცემა კი სწორედ გუგეშაშვილს ეკუთვნოდა. ესპანელი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ გუგეშაშვილის გრძელი გადაცემის შემდეგ დარჩა და ზუსტად დაარტყა.
მატჩი გადამწყვეტი იყო სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად და, ორი ანალიტიკური პორტალის ვერსიით, გუგეშაშვილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. Sofascore-მა მას 8.5 ქულა მიანიჭა, ხოლო Flashscore-მა – 8.4.