ლუკა გუგეშაშვილი - ფეხბურთში მთავარია არა ფინანსები, არამედ როგორი გულით თამაშობ #1TVSPORT
ლუკა გუგეშაშვილი - ფეხბურთში მთავარია არა ფინანსები, არამედ როგორი გულით თამაშობ #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და გორის „დილას“ მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის აზრით, მისმა გუნდმა ფინანსურად ბევრად ძლიერი ბათუმის „დინამო“ მონდომების და გულიანი თამაშის ხარჯზე დაამარცხა.

„ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრიდან ძალიან კარგი ემოცია დამრჩა. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენზე ძლიერი ლიგების დონის გუნდი – დააახლოებით, პოლონეთის და მსგავსი ლიგების. მასთან სხვაობა ერთ ქულამდე შევამცირეთ, „დინამოც“ ძალიან წინ არ გაგვექცა და მიხარია. ამ მოგებაში გუნდმა ყველაფერი ჩავდეთ და გამოჩნდა, რომ ფეხბურთში მთავარი არაა ფინანსები, მთავარია, როგორ თამაშობ. როდესაც გულით თამაშობ, ნებისმიერ ფინანსს წინ აღუდგები“, – ამბობს ლუკა გუგეშაშვილი.

მისი თქმით, გამარჯვებაში თავისი დიდი წვლილი სტადიონზე დაშვებულმა გორელმა გულშემატკივრებმა ითამაშეს.

„სამი ათასი კაცი ერთად რომ ყვირის „დილას“, უკვე სხვანაირ მუხტს გაძლევს. მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული გულშემატკივრები გვყავს“.

გუგეშაშვილმა საკუთარ თამაშზეც ილაპარაკა. მან დიდი როლი ითამაშა, იმაში რომ გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტურში დაუმარცხებელ ბათუმის „დინამოს“ რომ სძლია. გუგეშაშვილმა რამდენჯერმე გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

„ბურთს თუნდაც ერთხელ რომ იჭერ, მერე თავდაჯერება გიჩნდება და ფიქრობ, რომ შეხვედრაშიც არ გაუშვებ. მერე ეს თავდაჯერება მთელს გუნდს გადაედება“.