ლუკა გაგნიძე ტრავმირებულია - „ურალის“ მწვრთნელს მისი იმედი აქვს #1TVSPORT
ლუკა გაგნიძე ტრავმირებულია - „ურალის“ მწვრთნელს მისი იმედი აქვს #1TVSPORT

რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა მორიგი შეხვედრები ითამაშეს. გროზნოში „ახმატმა“ მოსკოვის „დინამოს“ უმასპინძლა, რომელიც 3 ტურის შემდეგ 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობდა („რუბინთან“ და „ზენიტთან“ ერთად) და 2:1 დაამარცხა.

მეკარე გიორგი შელიას ყაზანის „რუბინთან“ წინა ტურში ნაჩვენები წითელი ბარათი გაუუქმეს – 32 წლის გამოცდილი კიპერი „ახმატის“ კარში იდგა და 85-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

მოსკოვში „სპარტაკმა“ ეკატერინბურგის „ურალი“ საკუთარ სტადიონზე 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი რომან ზობნინმა გიორგი ჯიქიას გადაცემით გაიტანა. ეკატერინბურგის „ურალის“ განაცხადში არ ყოფილა ლუკა გაგნიძე, რომელიც გუნდში მოსკოვის „დინამოდან“ იჯარით გადავიდა.

სპორტ-ექსპრესის“ ცნობით, 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მცირე ტრავმა მიიღო და შეხვედრა ამის გამო გამოტოვა. გაგნიძეზე კომენტარი ეკატერინბურგის „ურალის“ მთავარმა მწვრთნელმა იური მატვეევმა გააკეთა და გუნდთან ახალგაზრდა ქართველის ადაპტაციაზე ისაუბრა.

„ჯერჯერობით ის ჩვენთან მხოლოდ სამი კვირაა, რაც იმყოფება. ლუკას აქვს კარგი ტექნიკა და ნათელი გონება. იმედია, მომავალში სარგებლობას მოგვიტანს“, – განაცხადა მატვეევმა.