ლუკა გადრანი „ქაირათში“ გადავიდა - ქართველი მცველის სატრანსფერო ფასი გაიზარდა #1TVSPORT
ლუკა გადრანი „ქაირათში“ გადავიდა - ქართველი მცველის სატრანსფერო ფასი გაიზარდა #1TVSPORT

ლუკა გადრანი „აქტობედან“ ყაზახეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ძლიერ კლუბში, ალმატის „ქაირათში“ გააგრძელებს კარიერას. ინფორმაცია საქართველოს პირველმა არხმა თავად ფეხბურთელისგან შეიტყო.

„სეზონის დასრულების შემდეგ „აქტობედან“ ალმატის „ქაირათში“ გადავედი და ორწლიანი ხელშეკრულება გავაფორმე. გუნდი მუდამ ჩემპიონობისთვის იბრძვის და მიზნად ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ისახავს.

იმედი მაქვს, რომ წინსვლას გავაგრძელებ, რადგან „ქაირათში“ მართლა ყველაფერია, რაც ფეხბურთელს განვითარებაში ხელს შეუწყობს. გასულ სეზონში ტურის სიმბოლურ ნაკრებში ექვსჯერ დამასახელეს, სეზონის ბოლოს transfermarkt-მა ჩემი სატრანსფერო ფასი 550 ათას ევრომდე გაზარდა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

მიწვევები მქონდა როგორც ყაზახეთიდან, ასევე თურქეთიდან და პოლონეთიდან, მაგრამ „ქაირათმა“ ყველას დაასწრო და ბევრი არც მიფიქრია. ფინანსურად მყარი და ძლიერი კლუბია, თანამედროვე ინფრასტრუქტურა აქვს და ძლიერი შემადგენლობა ჰყავს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლუკა გადრანმა.