ლუკა გადრანი - მიხარია, რომ „კაირატის“ მიერ დაწერილი ამ უდიდესი ისტორიის ნაწილი ვარ #1TVSPORT
ლუკა გადრანი - მიხარია, რომ „კაირატის“ მიერ დაწერილი ამ უდიდესი ისტორიის ნაწილი ვარ #1TVSPORT

ალმატის „კაირატის“ მცველმა, ლუკა გადრანმა საქართველოს პირველ არხთან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „სელტიკის“ დამარცხებაზე ისაუბრა. ყაზახეთის ჩემპიონმა ისტორიული წარმატება მოიპოვა და ტურნირის ძირითად ეტაპზე პირველად გავიდა.

„იმ ქართველ ფეხბურთელთა სიას შევემატე, ვინც უმაღლესი დონის ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ბედნიერი ვარ, ამაყიც და კიდევ უფრო მეტად მოტივირებული. მადლობა ღმერთს, რომ კარიერაში ასეთი დღე დამიდგა.

კარგად დაემთხვა, რომ ჩემი მოსვლის შემდეგ „კაირატმა“ ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, სუპერთასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა. მიხარია, რომ ამ უდიდესი ისტორიის ნაწილი ვარ. სხვა შეგრძნებაა, როცა იცი, რომ უკვე დიდ გუნდებს ეთამაშები – „ბარსელონას“, „რეალს“, „ლივერპულს“, პსჟ-ს.

ფიზიკურად თავს უკვე ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემპიონატის მატჩებშიც ვითამაშე და ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს მივიღებ. ჩემპიონთა ლიგის ასპარეზობაშიც ჩართვისთვის ყველანაირად მზად ვარ – ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც“, – განაცხადა ლუკა გადრანმა.