ლუკა გადრანი „კაირატიდან“ წასვლაზე – უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში თავის გამოცდა მსურდა #1TVSPORT
ლუკა გადრანმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე გასული ალმათის „კაირატი“ დატოვა და იერუსალიმის „ბეითარში“ გადავიდა. ქართველმა მცველმა კლუბთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„რა იყო ყაზახეთიდან წამოსვლის მიზეზი? ტრავმის გამო დიდი ხანი გამიცდა. ეს არასწორად დაგეგმილი რეაბილიტაციის ბრალიც იყო. მოედანზე დაბრუნების შემდეგ ნაკლები ნდობა ვიგრძენი. ამ დროს ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და, ჩემი აზრით, „კაირატში“ მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებდი.
ოთხი წელია, ყაზახეთში ვარ და საკუთარი თავის გამოცდა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში მსურდა. ვფიქრობ, რომ ისრაელის ლიგა ასეთია. ამ ქვეყნის გუნდები ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და კონფერეს ლიგის ჯგუფებში ხშირად ხვდებიან. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ტრანსფერი ჩემთვის კარიერულად წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ბეითარში“ დეკემბერში უნდა გადავსულიყავი, რადგან „კაირატთან“ კონტრაქტი ნოემბრის ბოლოს მეწურებოდა. თუმცა მათი სურვილი იყო, ახლავე გადავსულიყავი. თანხაც გადაიხადეს და ყაზახური გუნდიდან ჩემი ტრანსფერი გამოისყიდეს. წელს „ბეითარის“ 90 წლის იუბილეა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბონ, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ამიტომ გარიგების გადადება აღარ სურდათ.
შევეცდები, ჩემი შესაძლებლობები კიდევ უფრო განვავითარო და თუ ნაკრებს დავჭირდები, ნებისმიერ დროს გამოვადგე“, – აცხადებს ლუკა გადრანი.