ლუკა დონჩიჩი - ლებრონ ჯეიმსთან ერთად თამაში ოცნების ახდენას ჰგავს #1TVSPORT
ლუკა დონჩიჩი „ლეიკერსის“ მოთამაშე ოფიციალურად გახდა. „დალასმა“ კალიფორნიული კლუბისგან მის სანაცვლოდ ენტონი დევისი, მაქს კრისტი და 2029 წლის დრაფტზე პირველი რაუნდის არჩევანი მიიღო. დონჩიჩთან ერთად, „ლეიკერსში“ მარკიფ მორისი და მაქსი კლებერიც ითამაშებენ.
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ჩარიცხვის შემდეგ დონჩიჩმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ამ გაცვლით გაკვირვებული იყო, ხოლო ლებრონ ჯეიმსთან ერთად თამაშის შესაძლებლობა ოცნების ახდენას ჰგავს.
„ყველა გაკვირვებული იყო და წარმოიდგინეთ, მე როგორი გაოცებული ვიყავი. თითქმის მეძინა, როცა დამირეკეს და ეს ყველაფერი მითხრეს, პირველი აპრილი მეგონა.
თავდაპირველად ეს ძალიან მძიმე მომენტი გახლდათ, რადგან დალასი ჩემთვის სახლი იყო. ლებრონ ჯეიმსმა მაშინვე დამირეკა და თბილად მესაუბრა, მითხრა, რომ იცოდა, რასაც ვგრძნობდი. მასთან ერთად თამაშზე, ალბათ ყველას უოცნებია და ახლა ეს მომენტი ოცნების ახდენას ჰგავს“, – განაცხადა დონჩიჩმა.
25 წლის მოთამაშე 2018 წელს NBA-ის დრაფტზე „ატლანტა ჰოუქსმა“ აირჩია და „დალას მავერიქსში“ გაუშვა. სლოვენიელი ამ დროის მანძილზე ხუთჯერ მოხვდა NBA-ის „ყველა ვარსკვლავის მატჩზე“ და ასევე ხუთჯერ აირჩიეს ლიგის წლის საუკეთესო პირველ გუნდში. რეგულარულ სეზონში ის კარიერაში საშუალოდ 28.6 ქულას აგროვებს, ხოლო პლეი ოფში – 30.9 ქულას.