ლუკა ბულაშვილი კარიერას „ბოსნა როიალში“ განაგრძობს #1TVSPORT
ლუკა ბულაშვილი კარიერას „ბოსნა როიალში“ განაგრძობს #1TVSPORT

23 წლის გამთამაშებელი ლუკა ბულაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინაში ითამაშებს. მან უმაღლესი ლიგის კლუბ „ბოსნა როიალთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა და მალე ბალკანეთში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გასულ სეზონში თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა და გუნდის ლიდერიც იყო – საშუალოდ 21,4 ქულასა და 4,5 მოხსნას აგროვებდა.

„კონტრაქტის გაფორმებამდე ვესაუბრე „ბოსნა როიალის“ მთავარ მწვრთნელს, რომელმაც მითხრა, რომ გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მომიაზრებს. სათამაშო დრო საკმარისად მექნება და ვიმედოვნებ, მომავალი სეზონიც წარმატებული გამომივა“, – გვითხრა ლუკა ბულაშვილმა.

ადრიატიკის ზონის გუნდებში თამაში პროფესიული ზრდისთვის კარგი ვარიანტი რომ არის, არაერთი ქართველის გამოსვლამ დაგვანახა. იქ სხვადასხვა დროს უთამაშიათ ვლადიმერ სტეფანიას, ვლადიმერ ბოისას, მანუჩარ მარკოიშვილს, გოგა ბითაძეს…

„ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდი გვყავს. ბოსნიის ჩემპიონატში მოგვიწევს ადრიატიკის ლიგის წარმომადგენლებთან დაპირისპირება. ჩემი მომდევნო ამოცანა სწორედ ამ ლიგის გუნდში მოხვედრაა“, – დაამატა ბულაშვილმა, რომელიც ბოსნიაში 30 აგვისტოს გაფრინდება.

„ბოსნა როიალი“ მდიდარი ტრადიციების გუნდია, 1951 წელს დაარსდა და იუგოსლავიის ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული, ბოსნია-ჰერცეგოვინის პირველობაზე კი ოქროს მედალი ოთხჯერ მოუგია. ბოლოს 2008 წელს.