ლუიზა ვინტონი - საარჩევნო პროცესი საქართველოში საკმაოდ ძლიერ დემოკრატიულ გარემოში ვითარდება
ლუიზა ვინტონი - საარჩევნო პროცესი საქართველოში საკმაოდ ძლიერ დემოკრატიულ გარემოში ვითარდება

საქართველოში გაერო-ს ელჩი ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი საქართველოში საკმაოდ ძლიერ დემოკრატიულ გარემოში ვითარდება. მისივე თქმით, იზრდება მედიის პროფესიონალიზმი, რომელიც აშუქებს ამ პროცესს.

„გაერო-სთვის რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. ჯერჯერობით, რასაც ჩვენ ვუყურებთ, საარჩევნო პროცესი ნამდვილად საკმაოდ ძლიერ დემოკრატიულ გარემოში ვითარდება და კონკურენცია არის საკმაოდ მაღალი. ასე რომ, ეს არის კონკურენტუნარიანი გარემო.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მედიის მნიშვნელობა არჩევნების ჩატარებისა და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნაში. როგორც თქვენ იცით, ევროკავშირთან ერთად ჩვენ ვატარებთ მედიამონიტორინგს და დიდი სიხარულით მინდა ავღნიშნო, რომ მედიის პროფესიონალიზმი ნამდვილად იზრდება. მაგრამ, ასევე ველოდებით იმას, რომ მომავალში უფრო მეტი ანალიტიკური გაშუქება იქნება ქართულ მედიაში და მედიის ანგარიშებიდან ამომრჩეველი მიიღებს უფრო დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რით განსხვავდებიან პოლიტიკური პარტიები ერთმანეთისგან, როგორ პროგრამებს სთავაზობენ ისინი ამომრჩევლებს და ასე შემდეგ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ჩვენ გავაგრძელებთ ხელშეწყობას“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.