ლუიშ ფიგუ ფიფა-ზე – ინფანტინო უნდა წავიდეს, კარიერაში ბევრი არამზადა შემხედვრია, მაგრამ ასეთი სულმდაბალი საქციელი არასოდეს მინახავს #1TVSPORT

20:01, 06.08.2026

პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ლუიშ ფიგუს აზრით, ჯანი ინფანტინომ ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს.

„ფიფა-ს პრობლემებზე 10 ათასი სიტყვის დაწერა შემეძლო. მაგრამ გამოსავალი მხოლოდ სამ სიტყვაში ეტევა – ინფანტინო უნდა წავიდეს.

მთელი ცხოვრება ფეხბურთი მიყვარდა. 20 წელი პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი. და დამიჯერეთ, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი არამზადა შემხვედრია. მაგრამ ის, რაც ბოლო 10 დღის განმავლობაში ვნახე, ყველაზე მდაბალი, ყველაზე ცრუ და ყველაზე მხდალი, ანგარებიანი საქციელია, რაც კი ოდესმე მინახავს.

ადამიანი, რომელსაც ასეთი რამის გაკეთება შეუძლია, ადამიანი, რომელიც ცდილობს ასეთი მასშტაბური ცვლილებები მხოლოდ იმისთვის გაიტანოს, რომ საკუთარი თავი და თავისი მეგობრები გაამდიდროს, წარსული ფეხბურთის გადმონაშთია და სპორტის ამ სახეობის მომავალში მისი ადგილი არ არის.

თუ ეს ასეთი კარგი იდეა იყო, რატომ არ მოუყევით ამის შესახებ თქვენი ორგანიზაციის წევრებს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს ყველანი ერთად ერთ ოთახში ისხედით? თუ ეს ასეთი კარგად გააზრებული გეგმა იყო, რატომ არ უამბეთ მათ რისკების შესახებ, ასევე იმის შესახებ, რასაც თქვენ უპირატესობებს უწოდებთ? თუ ეს სქემა ასეთი აშკარა იყო, რატომ არ თქვით გულწრფელად, რომ საბოლოოდ მიიღებდით სამსახურს, რომლის წლიური ხელფასი 30 მილიონი დოლარი იქნებოდა?

მაგრამ ამ ყველაფრიდან არაფერი გაკეთებულა. იმიტომ, რომ ეს ცუდი იდეაა. ეს ნამდვილად არ არის სანდო იდეა, როდესაც არ ასაჯაროებთ ინფორმაციას იმ დამანგრეველი მოგების შესახებ, რომლის მიღებასაც კერძო საინვესტიციო ფონდები ყოველთვის ცდილობენ.

ეს არ არის თამამი იდეა, როდესაც არ განმარტავთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წილის გაყიდვის შემდეგ ის სამუდამოდ დაიკარგება და თქვენს მემკვიდრეებს ტურნირზე კუთვნილ უფლებებს წაართმევთ.

და არაკეთილსინდისიერია ის, როდესაც არ ახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატს ლანგარზე მიართმევთ თქვენს მეგობრებს ვაშინგტონში, ისინი მოგცემენ სამსახურს, რომელიც თქვენს ამჟამინდელ ხელფასზე ხუთჯერ მეტ შემოსავალს მოგიტანთ“, – დაწერა ფიგუმ თავის სვეტში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცნობილი გახდა ფიფა-ს გეგმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, უნდა შექმნილიყო FIFA Forward Enterprise-ი (FFE) – ახალი კომერციული სტრუქტურა, რომელსაც მიჰყიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე უფლებების ნაწილს. მოგვიანებით, ინფანტინომ გადაწყვიტა უარი ეთქვა ამ იდეაზე საფეხბურთო კონფედერაციების მხრიდან კრიტიკისა და უეფა-ს მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის ფონზე.

მსგავსი