ლუის სუარესი - „ლივერპულთან“ მარცხს მხოლოდ 2014 წლის ინციდენტს თუ შევადარებ
ლუის სუარესი - „ლივერპულთან“ მარცხს მხოლოდ 2014 წლის ინციდენტს თუ შევადარებ

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი აცხადებს, რომ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვარდნა მისთვის ისეთივე მტკივნეული იყო, როგორიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტი, როდესაც მეტოქის კბენისთვის რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური მატჩი „ბარსელონასა“ და „ლივერპულს“ შორის „კამპ ნოუზე“ კატალონიელთა გამარჯვებით, 3-0 დასრულდა, თუმცა განმეორებითი მატჩი ინგლისელებმა 4-0 მოიგეს და ფინალში გავიდნენ, სადაც მოგვიანებით „ტოტენჰემ ჰოტსპური“ 2-0 დაამარცხეს.

„მომდევნო დღეები, რომლებიც ბარსელონაში გავატარე, მხოლოდ 2014 წლის ეპიზოდს თუ შეედრება, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი ნაადრევად დავასრულე“, – ამბობს ურუგვაელი ფეხბურთელი. – „მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი“.

წლევანდელ სეზონში „ბარსელონას“ სამი ტიტულის მოგება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მხოლოდ ერთით – ესპანეთის ჩემპიონობით მოუწია დაკმაყოფილება, რადგან ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გარდა, გუნდმა ასევე ესპანეთის სამეფო თასის ფინალი დათმო „ვალენსიასთან“.