ლუის ჰემილტონმა ზედიზედ მესამე რბოლა მოიგო და საერთო ჩათვლაში 30 ქულის დაწინაურდა
ლუის ჰემილტონმა ზედიზედ მესამე რბოლა მოიგო და საერთო ჩათვლაში 30 ქულის დაწინაურდა

„სილვერსტოუნის“ ტრასაზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი – ბრიტანეთის გრანპრი გაიმართა, რომელიც „მერსედესის“ პილოტის ლუის ჰემილტონის ტრიუმფით დასრულდა. ბრიტანელმა კარიერაში 87-ე და სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ჰემილტონმა პოულიდან აიღო სტარტი და იოლად ინარჩუნებდა მეორე ადგილზე მყოფ თანაგუნდელთან ვალტერი ბოტასთან რამდენიმე წამიან უპირატესობას. ფინელმა რამდენჯერმე აჩვენა წრეზე საუკეთესო დრო, მაგრამ ჰემილტონი ყოველ ჯერზე ასევე სწრაფი დროით პასუხობდა. დისტანციის ბოლო ნაწილში ლუისი უკვე ხუთი წამით უსწრებდა ბოტასს, ასე რომ, გამარჯვებულის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო.

ბოტასი, თავის მხრივ, დამაჯერებლად მიდიოდა მეორე ადგილზე და დისტანციის დიდი ნაწილი 10 წამს უგებდა მის უკან მოძრავ მაქს ფერსტაპენს. მაგრამ ფინიშამდე სამი წრით ადრე, ბოტასის ბოლიდზე მარჯვენა საბურავი გამოვიდა მწყობრიდან.

ფინელმა შეძლო ბოქსებამდე მიღწევა და საბურავის გამოცვლა, მაგრამ ტრასაზე მე-11 პოზიციაზე დაბრუნდა და საბოლოოდ, ქულათა ზონის მიღმა აღმოჩნდა. ბოლო წრეზე საბურავი გასკდა ჰემილტონის მანქანაზე. ნახევარი წრე ლუისმა პრაქტიკულად სამი საბურავით იარა, მაგრამ ფერსტაპენთან ნახევარწუთიანი უპირატესობა ჰქონდა და ამის წყალობით პირველობა შეინარჩუნა. ფერსტაპენს ხუთი წამი არ ეყო მოგებისთვის. საინტერესოა, რომ „რედ ბულის“ პილოტმა ორი წრით ადრე პიტსტოპი შეასრულა და ახალ საბურავებზე გადავიდა. რომ არა ეს გაჩერება, ფერსტაპენი ბრიტანეთის გრანპრის გამარჯვებული გახდებოდა.

ამ მოგების შემდეგ, ჰემილტონის უპირატესობა საერთო ჩათვლაში სოლიდური გახდა – ბრიტანელს 88 ქულა აქვს და ბოტასს 30 ქულით უსწრებს.

მომდევნო ეტაპი ერთი კვირის შემდეგ, ასევე „სილვერსტოუნზე“ გაიმართება.

დატოვე კომენტარი