ლუის ჰემილტონმა სეზონზე მერვე რბოლა მოიგო
ლუის ჰემილტონმა სეზონზე მერვე რბოლა მოიგო

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა ბოლო წრეებზე მოახერხა მაქს ფერსტაპენის გასწრება და უნგრეთის გრანპრის მოგება.

„მერსედესის“ პილოტი სტარტზე მესამე პოზიციაზე იდგა და პირველ მეტრებზე შეძლო თანაგუნდელი ვალტერი ბოტასის გასწრება, მაგრამ ფერსტაპენს ვერაფერი მოუხერხა. ერთხელ ჰემილტონს სულ ცოტა დააკლდა „რედ ბულის“ პილოტის გასწრებამდე, მაგრამ ტრასიდან გადავიდა და ტემპი დაკარგა.

მას შემდეგ, რაც პირდაპირ ბრძოლაში ჰემილტონმა ფერსტაპენს ვერაფერი მოუხერხა, „მერსედესმა“ რისკზე წასვლა გადაწყვიტა და ფინიშამდე 20 წრით ადრე, მეორე პიტსტოპზე იხმო ბრიტანელი. „რედ ბულმა“ იგივეს გაკეთება არ ისურვა და ფერსტაპენს ფინიშამდე ძველი საბურავებით უნდა მიეღწია.

ახალი საბურავებით ჰემილტონმა 20-წამიანი ჩამორჩენა გააბათილა და ფინიშამდე სამი წრით ადრე, ფერსტაპენი უკან ჩამოიტოვა. ამის შემდეგ, ლიდერმა მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე და 2019 წლის სეზონზე მერვე რბოლა მოიგო.

ლიდერობის დაკარგვის შემდეგ, ფერსტაპენმა საბურავები შეცვალა, რადგან მის მეორე ადგილს არაფერი ემუქრებოდა. ამის წყალობით, „რედ ბულის“ პილოტმა წრეზე საუკეთესო დრო დააფიქსირა და ერთი დამატებითი ქულა აიღო.

მესამე ადგილი დაიკავა სებასტიან ფეტელმა, თუმცა მან გამარჯვებულთან 43 წამი წააგო, არადა, ერთით ნაკლები პიტსტოპი შეასრულა. „ფერარის“ ბოლიდი კვალიფიკაციაშიც და რბოლაშიც აშკარად არაკონკურენტუნარიანი იყო.

კარიერაში 81-ე გამარჯვებით, ჰემილტონმა 62 ქულამდე გაზარდა უპირატესობა ბოტასთან, რომელიც, თავის მხრივ, მხოლოდ შვიდ ქულას უგებს მესამე ადგილზე მყოფ ფერსტაპენს.

ახლა, „ფორმულა 1“-ში ოთხკვირიანი შვებულება იწყება. შემდეგი რბოლა პირველ სექტემბერს, ბელგიის სპაში გაიმართება.