ლუის ჰემილტონმა 86-ე გრანპრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერი გახდა
ლუის ჰემილტონმა 86-ე გრანპრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერი გახდა

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა მეორე გამარჯვება მოიპოვა სეზონში, მერვე უნგრეთის ტრასაზე და 86-ე კარიერაში.

ბრიტანელს სტარტიდან ფინიშამდე არ დაუთმია ლიდერობა. რბოლის წინ წამოსული წვიმისა და სველი ტრასის გამო, სტარტი ოდნავ ქაოტური გამოვიდა, თუმცა, ჰემილტონმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეინარჩუნა პირველი პოზიცია და უკვე მეშვიდე წრისთვის ექვს წამს უგებდა უახლოეს მდევარს. ლუისის შეჩერება ახალ წვიმას ან რაიმე გაურკვეველ გარემოებას შეეძლო. მეტეოროლოგების პროგნოზის მიუხედავად, „ჰუნგარორინგზე” წვიმიანი რბოლა არ შედგა, ხოლო „მერსედესის” მანქანა უნაკლოდ მუშაობდა. ჰემილტონის მღელვარების ერთადერთი მიზეზი იყო საბურავი, რომელიც რბოლის ბოლოსკენ სერიოზულად გაცვთა. ამიტომაც, ფინიშამდე სამი წრით ადრე, ლუისი მესამე პიტსტოპზე შევიდა. მას იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომ დამატებითი პიტსტოპის მიუხედავად, მაინც ლიდერად დარჩა და ფინიშზე რვა წამი მოიგო. ახალი საბურავებით კი წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა და ამან საერთო ჩათვლაში დამატებითი ერთი ქულა მოუტანა.

სერიოზული პრობლემით დაიწყო რბოლა „რედ ბულის” პილოტ მაქს ფერსტაპენისთვის. გასახურებელ წრეზე მის ბოლიდს დაკიდება დაუზიანდა, მაგრამ „რედ ბულის” მექანიკოსებმა სასწაული მოახდინეს, როცა სტარტამდე მოასწრეს ბოლიდის გარემონტება. ფერსტაპენმა გუნდს მეშვიდედან მეორე ადგილზე გარღვევით და მესამე პიტსტოპის თავიდან აცილებით გადაუხადა მადლობა. რბოლის ბოლოს, ფერსტაპენს ვალტერი ბოტასი ავიწროებდა, მაგრამ განსხვავებით წინა ეტაპისგან, ამჯერად, მაქსმა მეორე ადგილი შეინარჩუნა.

ისევ ჩააგდო რბოლა „ფერარიმ”. არც ისე ცუდი კვალიფიკაციის შემდეგ, იტალიურმა გუნდმა კვლავ დაკარგა ტემპი – „სკუდერიას” ორივე პილოტმა ჰემილტონთან წრე წააგო.
მესამე ეტაპის შემდეგ, ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა – საერთო ჩათვლას სათავეში ლუის ჰემილტონი ჩაუდგა, რომელიც ხუთი ქულით უსწრებს ბოტასს.

ჩემპიონატი ორი კვირის შემდეგ, ბრიტანეთის გრანპრით განახლდება.

დატოვე კომენტარი